ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვას. მოსწავლეები იმ უზარმაზარ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელსაც უშუალოდ შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები. აქედან გამომდინარე, მათთვის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა და მათი მოსაზრებების მოსმენა აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია რეალურად ქმედითი სასწავლო პროგრამების ჩამოსაყალიბებლად.
სწორედ ასეთ მიზანს ისახავდა მე-9 კლასელ მოსწავლეებთან შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა საბაზო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების ახალი საგნის "მოქალაქეობის" სტანდარტი. აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასში მათ უკვე ნასწავლი აქვთ სამოქალაქო განათლება, რაც გაუადვილებთ ამ საგანში შეტანილი ცვლილებების გააზრებას.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვნენ ახალი სტანდარტის განხილვაში და ბევრი საინტერესო ინიციატივა წამოაყენეს, რაც კიდევ ერთხელ გახდება სამუშაო ჯგუფის მსჯელობის საგანი.