ქუთაისში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება. საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის პროგრამის განხორციელებაში, როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის, ასევე სხვა პროექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" მიიღებს. შესაბამის მემორანდუმს დღეს, ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოაწერეს.
განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანას უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეთავაზება, უმაღლესი განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა წარმოადგენს. მეცნიერების განვითარების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია, კვლევითი პროდუქციის კომერციალიზაცია და ინოვაციების განვითარება, კვლევით საქმიანობაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, მეცნიერების პოპულარიზაცია საქართველოში და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა. შესაბამისად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისა და განხორციელების საუკეთესო საშუალება გახდება.