საჯარო სკოლების კვების ობიექტების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენელთა გადამზადების პროექტი დაიწყო. ახალი პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის ყველა ბიზნესოპერატორი, ანუ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სკოლებში მოსწავლეთა ჯანსაღ კვებაზე.
პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ ბაზაზე, უკვე დაიწყო პირველი, 15-კაციანი ჯგუფის გადამზადება. მონაწილეებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი შეხვდა.
ტრენინგის ფარგლებში, კოლეჯის პედაგოგები ჯგუფის წევრებს გააცნობენ ჯანსაღი კვების პრინციპებს და აუცილებლად გასათვალისწინებელ სანიტარულ ნორმებს, ასევე როგორ უნდა შეინახონ პროდუქტები და როგორ უნდა მომზადდეს საკვები, რომ მან არ დაკარგოს ჯანსაღი თვისებები, მონაწილეები ასევე გაეცნობიან სასკოლო მენიუს შედგენას. თავად მსმენელებს მოეთხოვებათ იზრუნონ მენიუს გამდიდრებაზე, მრავალფეროვან არჩევანზე, ჯანსაღი საკვების მომზადების ახალ რეცეპტებზე. მნიშვნელოვანია ასევე პროვაიდერმა იზრუნოს პროდუქტის იმ სახით მიწოდებაზე (იგულისხმება შეფუთვა, დიზაინი..), რომ ბავშვისთვის მიმზიდველი იყოს ხილი, ბოსტნეული ანუ, ის ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც ბავშვები ძირითადად არ ეტანებიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადამზადებას უფასოდ სთავაზობს სასკოლო კვების პროვაიდერ ყველა კომპანიას.