კონკურსი ”ქართული კალიგრაფია” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციის ”წამის” ორგანიზებით ჩატარდა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
ნომინაციებში გამარჯვებულ კონკურსის მონაწილეებს სპეციალური პრიზები გადასცეს საპატრიარქომ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სამხატვრო აკადემიამ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, გამომცემლობებმა და სხვა ორგანიზაციებმა.
მონაწილეთა ნამუშევრების შეფასება უზრუნველყო კვალიფიციურმა ჟიურიმ.
კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები, პროექტში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც.
დედა ენის დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.