გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტთან ერთად, ფაგების აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა. კონფერენციაში 25 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობდა.
ელიავას სახელობის ინსტიტუტი არის ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ბაქტერიოფაგების განვითარება მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ მიმართულებად. ქართველ მეცნიერებს ელიავას ინსტიტუტის არსებობის ბოლო 100 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვდათ, ეს ცოდნა აქტუალურია დღეს ისე, როგორც არასდროს. შესაბამისად, ეს საერთაშორისო კონფერენცია და სხვა აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო მეცნიერებასთან, ჩვენი მეცნიერების განვითარების საწინდარია. ელიავას ინსტიტუტი ნამდვილად არის ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო დაწესებულება. დღევანდელი ღონისძიება ამტკიცებს, რომ ჩვენი მეცნიერების ხარისხი ძალიან მაღალი, მიმზიდველი და საინტერესოა მთელი მსოფლიოსთვის.