როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2018-2019 სასწავლო წლიდან იწყება.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი ახორციელებს სასწავლო გეგმის რევიზიას და შესაბამისად, რევიზიის ფარგლებში, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მართავს სამუშაო შეხვედრების ციკლს ახალ საგნობრივ პროგრამებში დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით.
სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა სამოქალაქო განათლების, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, სპორტის პედაგოგებთან და დარგის სპეციალისტებთან. ისინი გაეცნენ საგნების სწავლებასთან დაკავშირებულ სიახლეებს, დეტალურად განიხილეს ახალი სასწავლო გეგმის მიმდინარე ვერსია. მასწავლებლები მრავალ საყურადღებო შენიშვნას და კომენტარს გამოთქვამენ ახალი სტანდარტების თაობაზე. მათი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება სასწავლო გეგმაზე მუშაობის პროცესში, რაც მის დახვეწას შეუწყობს ხელს.