რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლას ეწვია, განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პედაგოგებს შეხვდა.
ონის საჯარო სკოლა მეორეა რეგიონში, რომლის თანამედროვე სტანდარტებით სრული რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა. ონის საჯარო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლაა (405 მოსწავლე) რეგიონში, მისი რეაბილიტაცია 4606 კვ. მეტრს მოიცავდა, რეაბილიტაციის ბიუჯეტია $577,103, გრძელდება სკოლის ავეჯითა და ტექნიკით მოწყობა. ფონდის დაფინანსებით ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.