ვენაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ავსტრიაში საქართველოს ელჩთან კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, ავსტრიის სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის ფონდის პრეზიდენტს კლემენს ტოკნერს და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები, კონკრეტულად კი, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ავსტრიის სამეცნიერო კვლევების ფონდს შორის შესაძლო კავშირების დამყარებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.