საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას. წელს სამინისტრო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია.
მოსწავლეთა ნაკრები გუნდი ქიმიაში უკვე წარსდგა ქიმიის 49-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე IChO 2017, რომელიც ტაილანდში, ქ. ბანგკოკში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც უპრეცედენტო შედეგია ქვეყნის ისტორიაში. ქიმიის ოლიმპიადაში 297 მოსწავლე მონაწილეობდა მსოფლიოს 75 ქვეყნიდან. გამარჯვებული გუნდი უკვე დაბრუნდა საქართველოში. გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ელიზბარ ელიზბარაშვილი (ლიდერი)-ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, თინათინ ბუთხუზი (თანალიდერი)-ქიმიის დოქტორი და ვახტანგ კურცხალია- ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი.