16.04.2010
პირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში
მომავალი სასწავლო წლიდან ერევნის უცხო ენათა ინსტიტუტში
ქართული ენის კათედრა გაიხსნება. გადაწყვეტილება ქართველოლოგიის კათედრის გახსნის შესახებ საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და არმენ აშოტიანმა დღეს განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლისთვის სპეციალურ შეღავათებს სთავაზობს.
წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება ზოგადი უნარების ტესტის საფუძველზე მოხდება. წარმატებული აბიტურიენტები უმაღლეს საგნამანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას (60 კრედიტი) გაივლიან, რაც მათ საშუალებას მისცემს სასურველ სპეციალობებზე სწავლა ქართულ ენაზე განაგრძონ. უმაღლესების მიერ სპეციალურად გამოიყოფა მისაღები კონტინგენტის რაოდენობის 5%-5%-იანი ქვოტა სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებიათვის. პირველი 100 მაღალქულიანი სომეხი და 100 აზერბაიჯანელი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. 2009 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი მასალა (კრებული) სომხურ ენაზე გამოდის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, რათა ხელი შეუწყოს სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და ზრდასრული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა, მათ შორის ეთნიკურად სომეხთა, სამოქალაქო ინტეგრაციასა და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობების გაფართოებას. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა საერთაშორისო სასკოლო
ოლიმპიადები, ასევე მოხდება ორი ქვეყნის მოსწავლეთა დ სტუდენტთა ჩართვა
გაცვლით სასწავლო პროგრამებში.
2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასევე ინიცირებულ იქნა პროგრამა -”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის სწავლებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.
მიმდინარეობს არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. მუდმივად ხდება სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.