თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული დიპლომატიის განვითარების საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.
სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ ქვეყანასთან და ეს არის შედეგი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობისა.
ვიცე-პრემიერი თავის სიტყვაში შეეხო განათლების ყველა საფეხურსა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესებს. კერძოდ, ისაუბრა სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე, ასევე მეცნიერების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ საერთაშორისო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მოღვაწე თითოეული ქართველი დიპლომატის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
შეხვედის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავამ დიპლომატების შეკითხვებს უპასუხა.