17.04.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი რეზო აფხაზავა თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს ინფორმაცია მიაწოდეს წინანდლის ცენტრის საქმიანობის შესახებ და ცენტრთან ერთად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრში რამდენიმე პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი. ცენტრში იფუნქციონირებს საგანმანათლებლო სალონი, ჩატარდება განათლების კვირეულები, გამოფენები და კონკურსები. აღსანიშნავია პროგრამა ”ვისწავლოთ მუზეუმში”, რომელიც გულისხმობს სკოლების მიერ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას თავად მუზეუმის ტერიტორიაზე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიესალმება მსგავს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ მუზეუმში ვიზიტი და იქ არსებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება სწავლის პროცესში ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მინისტრი მოუწოდებს სხვა მუზეუმებსაც დანერგონ მსგავსი მოდელი, რათა მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და პროდუქტიული გახდეს სწავლის პროცესი.