საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“, მსოფლიოს ბევრი წამყვანი უნივერსტიტეტი, სააგენტო და სწავლის მსურველი ინტერესდება. შესაბამისად, დიდია გამოხმაურება და უკვე საქართველოსაც ეწვია კომპანია საერთაშორისო განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ICEF-ის წარმომადგენლები, ICEF მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების ყველაზე მსხვილ და მრავალრიცხოვან სააგენტოებს/აგენტებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს ბადდეს და პროფესორ მაიკლ ჰენინგერს, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უცხოენოვან პროგრამებს. სტუმრები ასევე ეწვივნენ რამდენიმე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ პროფესორ-მასწავლებლებს და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მიმდინარე წელს პირველად წარდგა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაზე პროექტით "ვისწავლოთ საქართველოში". პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზება და უცხოელი სტუდენტების მოზიდვა ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები დაინტერესებულ უცხოელ მოქალაქეებს თავიანთ უცხოენოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს და საქართველოში სწავლის პირობებს აცნობენ. საერთაშორისო ბაზარზე ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი პროექტი და შეთავაზებული პროგრამები დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდას, რაც არის გარანტი უფრო მეტი უცხოელის მოზიდვისა ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.