აღნიშნული პროგრამა არის პილოტური და ამ ეტაპზე ასეთი კაბინეტები რუსთავის, მცხეთის და თბილისის 15 სკოლაში გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსი შეიმუშავა.
ახალი სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და ქართული არმიის შეიარაღების გაცნობა.
სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.
სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე შეირჩა საპილოტე სკოლები, რომლებშიც სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლება განხორციელდება. მიღებული პილოტირების შედეგების ანალიზის შედეგად, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება და ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.