კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულ მოსწავლეთა საზაფხულო კინობანაკს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამჯერად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად ეწვია და მერვე ნაკადის დახურვის საზეიმო საღამოს დაესწრო.
კაჭრეთის საზაფხულო ბანაკს განათლების სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. შესაბამისად, პროგრამა კინო გადაღებებს, სცენარის სპეციფიკის გაცნობას, მონტაჟის სწავლებას, ფოტოხელოვნების ვორქშოპებს, კულინარიასა და ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგიის შესწავლას ითვალისწინებს. მოსწავლეები ჩართულნი არიან ასევე სხვადასხვა ინტელექტუალურ, სპორტულ აქტივობებსა და გუნდურ თამაშებში. იმართება ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ და ა.შ. ნაკადის დახურვის ღონისძიებაზე სტუმრებმა ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, მოსწავლეთა მიერ გადაღებული რამდენიმე ფილმის ჩვენებას დაესწრნენ. ბოლოს კი, სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.