ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და მათი ნიჭის წარმოჩენაა. წელს ფესტივალში აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუსიკით, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ახორციელებს მუსიკალურ ბანაკს, რომელიც ახალგაზრდების კულტურული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ფესტივალის ფარგლებში შემუშავდა არტ-კამპის უნიკალური პროგრამა, რომლითაც 300-მდე მუსიკით დაინტერესებულ მოსწავლეს საშუალება მიეცემა სხვა სპორტულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებთან ერთად, სპეციალურად შემუშავებულ ინოვაციურ მუსიკალურ ტრენინგებს დაესწრონ. ყოველ საღამოს კი, ახალგაზრდები საფესტივალო კონცერტებს მოისმენენ და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებენ.
ფესტივალი 2013 წელს გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა - ელისო ბოლქვაძემ დაარსა.