უცხოეთში, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, საქართველო წელსაც აქტიურად არის ჩართული. ოცზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილია ქართული ენის კუთხეები, სადაც ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებული უცხოელები ქართული ენისა და კულტურის შესახებ საინფორმაციო-პოპულარული მასალებით დასაჩუქრდებიან.
პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამზადა ისეთი სასაჩუქრე კომპლექტები, როგორიცაა ილუსტრირებული ორენოვანი ბროშურა „ქართული ენა“ (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, თურქულ ენებზე); პოსტერები - „ქართული ანბანი“, „ვისწავლოთ ქართული ენა“; წიგნის სანიშნე ქართული ანბანის გრაფიკული გამოსახულებებით; კომპაქტდისკი მუსიკალური ვიდეოკლიპისა „ქართული ანბანი“.
სასაჩუქრე კომპლექტს წელს კიდევ ერთი ახალი ბროშურა - „რატომ უნდა ვისწავლო ქართული ენა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე დაემატა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში საქართველოს საელჩოებს გადასცემს, რომლებიც ენების ევროპული დღის საზეიმო ღონისძიებების დროს ქართული ენის კუთხეების ორგანიზებასა და სასაჩუქრე მასალების გავრცელებას უზრუნველყოფენ.
ენების ევროპული დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უკვე მესამე წელია ახორციელებს პროექტებს.