საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭო სამ თვეში ერთხელ ახალი წევრებით კომპლექტდება, ახალ წევრებს თავად დირექტორები ირჩევენ. ახალ სასწავლო წელს განახლებული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდა. სხდომის დასაწყისში ლია გიგაურმა ვრცლად ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან სიახლეზე, შემდეგ კი, საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა, თითოეულ მათგანზე საბჭოს წევრებმა მოხსენებები მოისმინეს და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
დასასრულს, კერძო სკოლის „მწიგნობართუხუცესი“ დირექტორმა დავით კახნიაშვილმა, სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინა.
საჯარო და კერძო სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ერთ-ერთი ინიციატივაა. მისასალმებელია, როდესაც წარმატებული და ფინანსურად ძლიერი სკოლა ეხმარება სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც ამის საჭიროება აქვს. კერძო სკოლის „მწიგნობართუხუცესი“ დირექციის გადაწყვეტილებით, ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა, კერძო სკოლა მზად არის დამეგობრებულ სკოლას სწავლის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებაში და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც დაეხმაროს.