მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში დღეს, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
პირველ ეტაპზე, კომპიუტერები ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს (სულ 204 წარჩინებული) გადაეცათ. მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
2017 წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეები, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.
საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2557-ია. მათ შორის თბილისში წელს 468 წარჩინებულია. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მოსწავლეთა დაჯილდოების პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში კომპიუტერს ყველა ბენეფიციარი მიიღებს.