აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. შესაბამისი მემორანდუმი ორ სამთავრობო უწყებას შორის 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, მხარეები, ერთიანი ძალისხმევით იზრუნებენ აფხაზური ენის დაცვის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, ხელს შეუწყობენ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების და პროფესიული ჯგუფების თანამშრომლობას და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას.
მინისტრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან აფხაზურ ენაზე ზრუნვის კონსტიტუციურ ვალდებულებას და პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.
პროექტის ფარგლებში, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, მკვლევარებს, დაინტერესებულო პირებს შეუძლიათ წარადგინონ აფხაზური ენის შესწავლასთან, დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.
მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება განათლების და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და მას აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.