პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს (28 ოქტომბერს) საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში საცდელი ტესტირება მიმდინარეობს. საცდელი ტესტი, აპლიკანტებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება და მოსინჯონ საკუთარი ძალები, რომელიც მათ საგამოცდო პროცესს გაუადვილებს. ხვალ კი, 29 ოქტომბერს, ჩატარდება საგამოცდო ტესტირება, რისთვისაც დარეგისტრირებული პირები უნდა დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში და თან იქონიონ საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
ტესტირების შედეგების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს ექნება შესაძლებლობა გადახედოს რეგისტრაციისას გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალოს სასურველი პროგრამების სია, მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, შესაძლებლობა ჰქონდათ არჩევანი გაეკეთებინათ 168 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთა შორის შედის სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური და კერძო სექტორთან პარტნიორობითა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი და/ან განახლებული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას!!!