პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად'' წელს პირველად, პროფესიული სასწავლებლები ჩაერთნენ. უცხოელმა მოხალისე მასწავლებლებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, კოლეჯებში მუშაობა უკვე დაიწყეს.
პირველ ეტაპზე სამი პროფესიული სასწავლებელი შეირჩა: „ბლექსი”(ბათუმი) „თეთნულდი“ (მესტია) და “იკაროსი“ (თბილისი). აღნიშნულ სასწავლებლებში პროექტის მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ.
სამუშაოს დაწყებამდე უცხოელებს პროფესიული განვითარების, სწავლების მეთოდოლოგიისა და ადგილობრივ თემთან კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ.
პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი უცხოური ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა ადგილობრივ თემში.
პროგრამამ დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა. დაიხვეწა პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მოხალისე მასწავლებელთა და ადგილობრივი სკოლების შერჩევის პროცესი. 2012 წლიდან პროგრამას შეუერთდა ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლები, ხოლო 2015 წლიდან პროგრამაში ჩაერთნენ ფრანგული და გერმანული ენების მოხალისე მასწავლებლებიც. 2013 წლიდან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობამ გამოკვეთა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, პროფესიული უნარების განვითარების პარალელურად, ენის კომპეტენციის გაღრმავების საჭიროებაც, რის საფუძველზეც, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საპილოტე რეჟიმში დაიწყო უცხოელი მოხალისე მასწავლებლების განაწილება პროფესიულ სასწავლებლებში.