საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დაწყებითი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები სისტემატიურად გაცვლიან ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ სიახლეებზე; ხელს შეუწყობენ მეცნიერების, განათლების ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში; გაღრმავდება პროფესიულ, უმაღლეს დაწესებულებებსა და სამეცნიერო/კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა; მხარეები ასევე წაახალისებენ თანამშრომლობას ევროკავშირის პროგრამებსა და პროექტებში; ორივე მხარის მეცნიერთა მონაწილეობას, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსებში; ხელს შეუწყობენ მშობლიური ენის სწავლებასა და დიასპორის აქტივობებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში; ხელს შეუწყობენ სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტების აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაცვლას, სწავლისა და ლექციების წაკითხვის მიზნით; ასევე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების გაცვლას, ასევე უზრუნველყოფენ მათ მონაწილეობას საზაფხულო სკოლებში და სხვ.