საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადასცა. ოთხი პრიზიორიდან სამი ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლაში 2000 წლიდან ექსპერიმენტის სახით დაინერგა ჭადრაკის, როგორც სავალდებულო საგნის შესწავლა. შედეგი შთამბეჭდავია - ყველა მედალოსანი მოჭადრაკე ამ სკოლის აღზრდილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტით ჩანაცვლების პროექტის მომავალ წარმატებას.
ევროპის ჩემპიონატი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში 2010 წლის აპრილში ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 1000–მდე ნორჩი სპორტსმენი მონაწილეობდა.
17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის გამარჯვება საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელმა ქუთაისის 21-ე სკოლის მოსწავლემ ზურაბ ჯავახაძემ მოიპოვა. იგი მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღებს.
14 და 15 წლამდე მოსწავლეთა შორის ორი ოქროს მედალი მოიპოვა ქუთაისის 21-ე სკოლის მოსწავლემ ანა შამათავამ. ამავე სკოლის მოსწავლემ გიგა დარსაველიძემ ბრინჯაოს მედალი აიღო. გოგონათა შორის მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ოსტატი, სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე მერი არაბიძე.
საერთაშორისო ტურნირში ქართველ მოზარდთა მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 17 000 ლარით სრულად დააფინანსა.
ეროვნული ნაკრები, რომელმაც საბერძნეთში იასპარეზა დაკომპლექტებული იყო მოსწავლეებით, რომლებმაც 2009 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს პირველ ეროვნულ სასკოლო პირველობაში გაიმარჯვეს. ჩემპიონატში ქვეყნის ყველა რეგიონის 300 სკოლის 1000–მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მთელ ქვეყანაში საჭადრაკო ცხოვრება გამოაცოცხლა.
ნიჭიერ ქართველ მოსწავლეებს სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს და წარმატებებში ხელს შეუწყობს.