ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა" 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი საპრიზო ადგილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ხატია იათაშვილს ერგო, მეორეადგილოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კალმახელიძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ჭუმბურიძემ დაიკავა.
დაჯილდოების საღამოზე გამოვლინდა ონლაინ კონკურსის გამარჯვებულიც - ნინო მოდებაძე, ძირითადი კონკურსის პარალელურად, ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. „ჯეოსელის“ სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებულმა კონკურსანტებმა ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე ახალი ნაშრომები შექმნეს, საერთო ჯამში მარათონში 300-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.
ფინალისტების და ონლაინგამარჯვებულის ნაშრომი ყოველწლიურ ბროშურაში გაერთიანდა, რომელიც ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეცხრედ ჩატარდა. მისი მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, კომპანია „ჯეოსელის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლიკა მეტრეველი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.