პირველ რიგში კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულისტკივილს იმ ტრაგედიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა სიცოცხლე შეიწირა და სამძიმარს ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას.
შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა.
ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი ინტერესია. დღეს სამინისტროს უმთავრესი საზრუნავია გავაძლიეროთ მუშაობა საიმისოდ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას. ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას.
ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, მთლიანად საზოგადოების ყოველდღიურ შრომას, ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს.
გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ.
უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია.
პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება; ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია.
გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ.
ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე, დაინერგება კონფლიქტების პრევენცია-მართვის და მედიაციის პროგრამები. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი. ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლა რომ მოვიცვათ, პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩართულები იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მშობლების აქტიურ მონაწილეობას პროცესში. ეს გულისხმობს როგორც, ერთი მხრივ, მშობლების ინტენსიურ ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში, ასევე - მათთვის საჭირო საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას.
ჩვენ არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ისეთი ვითარების ფორმირებაზე, სადაც ძალადობა და აგრესია დაუშვებელი იქნება. მჯერა, რომ რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს ეს, ჩვენ სწორედ ამ მიზნისკენ უნდა ვიმოძრაოთ. ეს კი მხოლოდ ცოდნისა და განათლების გავრცელებით, ღირებულებათა სწორი სისტემის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით მიიღწევა.
სამინისტრო გახსნილია საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის. დღეს ვხვდები ფსიქოლოგებსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ უკლებლივ ყველა სკოლა მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს და მსგავსი
ტრაგედია
აღარასდროს
განმეორდეს.