საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხებს.
მინისტრმა ჯგუფის წევრებს ინკლუზიური განათლების განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. სამომავლო გეგმებში შედის სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სხვა დამატებითი მომსახურებების განვითარება.