„ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი მექანიზმის ფარგლებში, განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე მაღალი რანგის ევროპელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში პერსპექტიული კვლევითი დარგების იდენტიფიცირების საკითხი და მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გასაძლიერებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. ასევე იმსჯელეს კვლევითი ერთეულების დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
„ჰორიზონტი 2020“ პოლიტიკის მხარდამჭერი მექანიზმი ევროკომისიის მიერ შემუშავებული ახალი ინსტრუმენტია, რომლის მიზანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებულ ქვეყნებს გაუწიოს პრაქტიკული დახმარება, რათა მათ დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ ის რეფორმები, რაც გაზრდის ამ ქვეყნებში კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით საინვესტიციო პოტენციალს, გააუმჯობესებს კვლევებისა და ინოვაციების სფეროს პოლიტიკასა და სისტემის ხარისხს.