15 დეკემბერს, სასტუმრო „ბეტსი“-ში გაიმართა იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ შემაჯამებელი ღონისძიება.
პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 2017 წელს განხორციელდა ,,ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის’’ წევრი ასოციაციის ,,ჰელსი ჯენის’’ მიერ. პროექტი შემუშავდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაფინანსებით,.
პროექტის შემუშავებას საფუძვლად დაედო 2015 წელს, უნესკოს დაფინასებით, სკოლებში ჩატარებული კვლევის მონაცემები. კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში გოგონების სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობის ძალიან დაბალი მაჩვენებლებია, პედაგოგები განიცდიან თანამედროვე ინფორმაციის დეფიციტს გოგონებისთვის ფიზიკური აქტივობის მნიშნელობისა და საჭიროებების შესახებ.
პროექტი ემსახურება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე გოგონათა და ვაჟთა თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობას, ფიზიკურ აქტივობასა და მასობრივ სპორტში მათი ჩართულობის გაზრდას, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით მნიშვნელოვანი წინაპირობაა მოზარდი თაობის განვითარების, ქცევის, დამოუკიდებლობის გრძნობის ჩამოყალიბებისა და გოგონებისთვის რიგი საშიში დაავადებების პრევენციისთვის.
პროგრამა განხორციელდა თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონში (იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი), მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში - ახალციხესა და მარნეულში.
ასევე პროგრამის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო სანგანმანათლებლო მასალა: გზამკვლევი - ,,გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში’’ - პედაგოგებისა და მწვრთნელებისთვის; საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის; შემეცნებითი პოსტერი და ბანერი მოსწავლეებისთვის; ჩატარდა ტრენინგები პედაგოგებისა და მწვრთნელებისთვის (ტრენინგები გაიარა 130-მა სპეციალისტმა);
გარდა ამისა, ჩატარდა შემეცნებითი კონკურსი მოსწავლეებისთვის, რომლის ფარგლებშიც ჟიურიმ შეარჩია 5 საუკეთესო ნამუშავარი და სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებული სკოლები: ქ. თბილისის N82 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის საჯარო N64, სკოლა ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“, სოფელ ყარაჯალას და ქ. ქუთაისის N45 საჯარო სკოლა.
დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა გამარჯვებული კონკურსანტების პრეზენტაციების წარდგენა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სპორტის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის, თბილისის მუნიციპალიტეტის, სპორტული ფედერაციებისა და სკოლების წარმომადგენლები.