ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს სამასზე მეტი სტუდენტისთვის განკუთვნილი ევროპული სტანდარტების საბინაო კომპლექსი გადასცა, სადაც სტუდენტებს, მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, საინტერესო ცხოვრების, სპორტული აქტიურობის, შემოქმედებითი დასვენების, ახალი მეგობრების შეძენისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრების შესაძლებლობა ექნებათ.
ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან და სწორედ მათი მონაწილეობით, იგეგმება 3 ათას ადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სხვადასხვა სასწავლებლების, მათ შორის, უცხოელი სტუდენტებისათვის. მინისტრი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზეც აუცილებლად აისახება.