,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ პროექტის პარალელურად ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსი’’ საქართველოში მოხალისე ინგლისურენოვანი მასწავლებლების მოზიდვას წარმატებით ახორციელებს.
37 მოხალისე მასწავლებელი საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისურს ადგილზე შეასწავლიან. ინგლისურენოვანი მასწავლებლები გაკვეთილებს ქართველ ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ.
,,მშვიდობის კორპუსის’’ აღნიშნული პროექტის პარალელურად ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველ მარტს გამოაცხადა. პროგრამა საქართველოში ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. ორივე პროექტის მიზანი საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებაა.
მოხალისე პედაგოგთა რეგისტრაცია საიტზე www. tlg.gov.ge მიმდინარეობს. საიტი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა და გარდა იმისა, რომ მოხალისე პედაგოგები მასზე დარეგისტრირებას შეძლებენ, ასევე სრულ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე.
უცხოელი პედაგოგების საქართველოში ჩამოსვლა ივლისში დასრულდება. პირველი ორი თვის განმავლობაში ისინი გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მათი სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენაც. ახალი სასწავლო წლიდან უცხოელი მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც. ინგისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოვლენ.
ინგლისურენოვანი მასწვალებლების პირველ ნაკადს თბილისის აეროპორტში საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დახვდნენ.