საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ლაბორატორიების მოწყობის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ასევე, პროფესიული კოლეჯების ინსტიტუციური და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით, საქართველოში მოქმედ პროფესიულ კოლეჯებსა და იაპონური კომპანიებს შორის კერძო-საჯარო პარტნიორობის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიცირებული პროფესიული კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.
უმაღლესი განათლების მიმართულებით, მხარეებმა იმსჯელეს გამოჩენილი იაპონელი და ქართველი ლექტორების მიერ ელექტრონული სწავლების და ონლაინ საგანმანათლებლო კურსების დანერგვის შესაძლებლობებზე, ასევე ქართველი და იაპონელი სტუდენტებისა და პროფესორების მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე.