პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეებმა - საჯარო სკოლის დირექტორებმა და პროექტში ჩართულმა განათლების სპეციალისტებმა პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გახსნეს.
შეხვედრა ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: დირექტორებმა, რომლებიც პროექტის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ, ისაუბრეს სკოლის შიდა შეფასებისა და განვითარების სისტემებზე (გერმანიაში, ჰოლანდიასა და დანიაში). დისკუსია გაიმართა საქართველოს სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზეც.
„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ქართული სკოლებისათვის სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავება საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
პროექტში „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ 15 სკოლაა ჩართული და სამ ეტაპად ხორციელდება: პირველი ეტაპი მოიცავდა მოწვეული ექსპერტების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ტურებს დანიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მეორე ეტაპი (რომელიც მიმდინარეობს) - სკოლის საჭიროებებზე მორგებული შეფასებისა და განვითარების მოდელების შემუშავებასა და პოლიტირებას გულისხმობს. ბოლო ეტაპი კი ითვალისწინებს კვლევას, ასევე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.