საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით, იწყებს თეატრალურ კონკურსს „ჩემი ქართული როლი“. კონკურსის თაობაზე განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 218-ე ქართულ-აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში გააკეთეს.
კონკურსის ფარგლებში, საქართველოს არაქართულენოვან სკოლებს/სექტორებს შეუძლიათ, დადგან სპექტაკლები ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით ქართულ ენაზე. კონკურსის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება. სასურველია, სპექტაკლის მომზადების პროცესში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მოსწავლეთა ჩართულობა ისეთ აქტივობებში როგორიცაა სცენარის მომზადება, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და სხვ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომპეტენტური ჟიური, განიხილავს საკონკურსო ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგნაირად: I, II, III ადგილზე გასული სპექტაკლი და ერთი ჟიურის სპეციალური ნომინაცია.
გამარჯვებულების წახალისების/ჯილდოების სახეები განისაზღვრება საკონკურსო პირობებით. გამოყენებული იქნება წახალისების სხვადასხვა ფორმა:
საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვან მოსახლეობას ეხმარება სახელმწიფო ენის შესწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, მათი უნარების განვითარებასა და თვითრეალიზაციაში.