საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, შსს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა ერთობლივი შემეცნებითი პროექტის „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“ პირველი ეტაპის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოეს და პროექტის მეორე ეტაპის მონაწილე გუნდებს შეხვდნენ.
პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეობა თბილისის საჯარო სკოლების მოსაწვლეებმა პედაგოგებმა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს. გამარჯვებულები თემის „ანტირელიგიური კამპანია, რეპრესირებული სასულიერო პირები“ ავტორები თბილისის 126-ე სკოლის გუნდის წევრები გახდნენ.
პროექტის მეორე ეტაპი საქართველოს ხუთ რეგიონში (ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, გორი) განხორციელდება, რისთვისაც ხუთი საჯარო სკოლის გუნდი და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი შეირჩა. პროექტი რეგიონებში განხორციელდება დისტანციურად, რაც გულისხმობს, რომ თემატური ბლოკიდან - „უახლესი ისტორია“ თემების გადანაწილების შემდეგ, ჯგუფებს საარქივო მასალა გასაცნობად და დასამუშავებლად ციფრულ ფორმატში გადაეცემათ.
პროექტის მეორე ეტაპის დასკვნითი კონკურსი გაიმართება 2018 წლის ივნისში და გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომი.