სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ოთხსართულიანი, 4750 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა აშენდა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. დღეს საზეიმოდ აღინიშნა ახალი კამპუსის კარკასის დასრულება.
შენობა უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. მასში განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები. შენობის სრული აღჭურვა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.