ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიზიტს, რომლის დროსაც მან ასევე მოინახულა დიდი ლავრისა და ქსეროპოტამის მონასტრები. ილია II იყო პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა. წიგნი, რომელიც ფოტოალბომის სახით გამოვიდა, აერთიანებს ელჩის პირად მოგონებებს ისტორიული ვიზიტის შესახებ და უნიკალურ ფოტომასალას.
გამოცემის ავტორია “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც 2003-2007 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საბერძნეთის რესპუბლიკაში.
ათონის მთას ქრისტიანულ მართმადიდებლურ რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი უკავია. ივერიის ქართველთა მონასტერი მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი იყო. სწორედ ამ ცენტრმა განსაკუთრებულად დაახლოვა საქართველო ევროპულ ღირებულებებსა და კულტურასთან. აღსანიშნავია, რომ ივერონის მონასტერში უნიკალური საცავი არსებობს, რომელშიც ასობით იშვიათი ხელნაწერი და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები ინახება. გამოცემაში ასევე წარმოდგენილია თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგისა და ექვთიმე მთაწმინდელის ხელნაწერი სახარების ამსახველი ფოტოები. ეს უნიკალური რელიკვიები ნაწილია იმ დიდი ეროვნული განძისა, რომელიც ივერონის საცავშია დაცული.
წიგნის ერთ–ერთი მთავარი დანიშნულებაა მომავალ თაობებს შემოუნახოს ინფორმაცია ათონის მთაზე პატრიარქის ამ ისტორიული ვიზიტის შესახებ.