განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სსსმ მოსწავლეებისთვის, ქართულ ენასა და მათემატიკაში დამხმარე სახელმძღვანელოები და რესურსები შეიქმნა, რომელიც სკოლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა. სულ დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, მათგან ნაწილი წარმოადგენს სსსმ მოსწავლეთა დამხმარე სახელმძღვანელოებს, რომლებიც მათ გაუადვილებს ქართული ენისა და მათემატიკის ათვისებას საგაკვეთილო პროცესში, ხოლო ნაწილი არის გზამკვლევები მასწავლებლებისთვის, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და ჩატარდეს გაკვეთილი სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებით, რათა ყველა საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობა გაიზარდოს.
სახელმძღვანელო ითვალისწინებს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას და განსხვავებულობას ამა თუ იმ ნიშნით - ინტერესებით, მისწრაფებებით, შესაძლებლობებით და აერთიანებს არა მხოლოდ სტანდარტულ რეკომენდაციებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მისაღწევად, არამედ დეტალურად ასახავს რეკომენდაციებს და წარმოდგენილი აქტივობების ადაპტირების შესაძლებლობებს მოსწავლეთა სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით.
შემუშავებული რესურსები, გარდა საჯარო სკოლებისა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ მიუსაფარი ბავშვების ექვს დღის ცენტრს.
გზამკვლევების და დამხმარე რესურსების შემუშავებაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF, World Vision საქართველომ, გადავარჩინოთ ბავშვებმა Save the Children და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ USAID.