საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძრვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა კმაყოფილება გამოხატა განათლების სფეროში ევროპის საბჭოსთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ერთობლივ პროექტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოს ჩართულობა სკოლებში სამოქალაქო განათლების ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები.
ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მზადაა მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს რეფორმირების პროცესში.
მხარეებმა მიმოიხილეს შესაძლო თანამშრომლობისთვის პერსპექტიული მიმართულებები და იმედი გამოთქვეს, რომ შემდგომი პროექტების შემთხვევაშიც, თანამშრომლობა კვლავაც ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.