ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
საიუბილეო დღეების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერა ხელი. ქართველოლოგიური ცენტრების შექმნასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მოაწერეს ხელი. ამავე დროს, გაფორმდა მემორანდუმები თსუ-სა და ევროპის 5 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება. იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2018 წლის განმავლობაში გაგრძელდება.