საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტა კადისს უმასპინძლა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია გაცვალეს და მომავალ თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, სწავლის აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიური კვალიფიკაციის ორმხრივ აღიარებას ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში. ასევე უზრუნველყოფენ მეცნიერთა, საგანმანათლებლო ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას, რომელიც გაიმართება როგორც კვიპროსში, ასევე საქართველოში.
ორ მხარეს შორის თანამშრომლობა მეცნიერების სფეროშიც გაღრმავდება. მხარეები მხარს უჭერენ თანამშრომლობას და პირდაპირი კონტაქტების დამყარებას კვიპროსის უმაღლესი სასწავლებლებსა და საქართველოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის. გარდა ამისა, ხელს შეუწყობენ აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო სასწავლო გაცვლითი პროგრამების დანერგვასა და გაფართოებას.
შეხვედრაზე კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ქართველ კოლეგას ასევე გააცნო საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება კვიპროსის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ მნიშვნელოვან განათლებას გარემოსთან დაკავშირებით და ასევე ხდება გარემოსდაცვითი საქმიანობის წახალისება. მიხეილ ჩხენკელმა დაინტერესება გამოხატა პროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და შესაძლებელია, პირველ ეტაპზე, აღნიშნული პროექტის ჩვენ ახალგაზრდულ ბანაკებში დანერგვა.