„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა გახსნეს.
140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს. კომპაქტი არის საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ის მთავრობას (წარმოდგენილი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ) და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს გაფორმდა და 2014 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში.
ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი გრანტია. იგი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. კომპაქტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებები (STEM), სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.