ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაებში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაცილების ცერემონია გაიმართა. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიზონ ლეიონი უმასპინძლებს.
ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონების, წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის ვაჟთა და თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებს, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდნენ.
მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ გუნდებს ეროვნული დროშები გადაეცა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ მასობრივ სპორტულ პროგრამას “საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“. 2017-18 წლებში სასკოლო ოლიმპიადაში თბილისიდან და რეგიონებიდან 100 ათასამდე მოსწავლეა ჩართული.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა და მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ოლიმპიადის საშეჯიბრო სისტემა მოიცავს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს სკოლების გუნდებს შორის. ეროვნულ დონეზე - მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს, ხოლო საერთაშორისო დონეზე - სასკოლო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს.