საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის ამაღლებას და რეალური ცოდნის მიღების შესაძლებლობას ემსახურება.
მინისტრის თქმით, მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაში განათლება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამიტომ, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სტუდენტების მიერ მიღებული დიპლომი მაღალი ხარისხის განათლების დამადასტურებელი საბუთი იყოს:
„ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესის მიზანია, საზოგადოება, სტუდენტები, და მათი მშობლები არ დარჩნენ მოტყუებული. იცოდნენ რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტი ხარისხიან განათლებას მიიღებს“ - განმარტა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმითვე, სამინისტრო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება, ითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესს და ობიექტურ გარემოებებს, რაც ბევრი უმაღლესი სასწავლებლისთვის განვითარებისა და განახლების შესაძლებლობაა მაგრამ, ისინი, ვინც დაწესებულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ავტორიზაციას ვერ მიიღებენ.
მინისტრმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ უმაღლესი განათლების მიღმა არცერთი სტუდენტი არ დარჩება. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობას იმ უმაღლესების სტუდენტებისათვის, რომლებსაც ავტორიზაცია შეუწყდათ. სტუდენტებს შეეძლებათ სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაშიც ცენტრი კონსულტაციებით და სასწავლებლებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.
მიხეილ ჩხენკელმა მზადყოფნა გამოთქვა ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს პირადად დღესვე შეხვდეს და ამ თემაზე უფრო დეტალურად ესაუბროს.