საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან (GASW)“ თანამშრომლობით და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის (PIN) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - ,,სკოლაში ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სისტემის ხელშეწყობა“, რომლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
პროექტი დაიგეგმა საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სრულფასოვანი ინტეგრაციის მხარდამჭერი მექანიზმების განვითარებისთვის და მოსწავლეთა მიერ სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციის მექანიზმების გაძლიერებისთვის. პროექტი ასევე პარტნიორობას უწევდა ,,მიუსაფარი ბავშვების ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის" ბენეფიციართა სკოლაში ინტეგრაციის პროცესს.
პროექტის ფარგლებში აკადემიური და სოციალური სირთულეების მქონე მოსწავლეების (განსაკუთრებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების) ინტეგრაციის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურმა მუშაკებმა იმუშავეს ადგილობრივი პერსონალის გაძლიერებასა და მათი საქმიანობის ხელშესაწყობად. შეისწავლეს არსებული პრობლემები ამ მიმართულებით და მათი გადაჭრის სასკოლო რესურსის ძლიერი და სუსტი მხარეები.
განხორციელებული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ამ ეტაპზე, რადგან ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სოციალური მუშაკის შესახებ კანონპროექტზე. ჩატარებული სამუშაო ემსახურება აღნიშნული პროფესიის მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.