საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ჯოიბრატო მუხერჯის, გისენის უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს იულია ფოლცის და DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს გებჰარდ როილს შეხვდა.
შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელის მიერ დადებითად შეფასდა გერმანულ მხარესთან მრავალწლიანი თანამშრომლობა, რის საფუძველზეც, ასეულობით წარმატებულ ქართველ სტუდენტს, დოქტორანტსა და მეცნიერს გერმანიაში სწავლის, კვლევისა თუ, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა აქვს. თავის მხრივ, პროფესორმა მუხერჯიმ მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი სტუდენტებისა და მეცნიერების რაოდენობაც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შეხვედრაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების გარდა, გაცვლითი პროგრამებით ისარგებლონ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმაც. შეხვედრაზე ასევე დაისვა გერმანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე ამ მიმართულებით პრობლემები იშვიათად იქმნება, გარკვეულ სირთულეებს საქართველოს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები მაინც აწყდებიან. აღნიშნული საკითხი გერმანული მხარის მიერ დამატებით იქნება შესწავლილი.
შეხვედრაზე იმსჯელეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული მხარის მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა მინისტრის ვიზიტი DAAD-ს ცენტრალურ ოფისში და სხვა თანმდევი შეხვედრები.