საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, იმ საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი (WB) და სხვ. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამინისტროს მიერ 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული საქმიანობების შესახებ და დამსწრეებს 2018 წლის გეგმები გააცნეს.
მიმდინარე პროექტების განხორციელების სტატუსი და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგინეს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობების კოორდინაციის უზრუნველყოფა. ყოველკვარტალური შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის გაზიარებას და რესურსების ოპტიმალურ განაწილებას შედეგების მისაღწევად.