2018 წლის 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის მონიტორინგი), რომლებსაც პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.
შეგახსენებთ რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!
რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.
ისევე როგორც წინა წელს, 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.
საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf