ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად, აზერბაიჯანის უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გაცვლითი პროგრამების შემუშავება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მეცნიერებისთვის. განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა, მეცნიერებსა და მკვლევარებს დაეხმარება აწარმოონ მაღალი დონის კვლევები და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებიდან მოიპოვონ დაფინანსებები.
აზერბაიჯანელმა რექტორებმა გამოთქვეს სურვილი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ქართული და აზერბაიჯანული უნივერსიტეტები გაერთიანდებიან და ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ერთობლივად იმუშავებენ. საქართველოს მხრიდან, სამუშაო ჯგუფს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია უხელმძღვანელებს.
მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ჯგუფის პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა უახლოეს პერიოდში, საქართველოში შედგება.
რექტორთა შეხვედრაზე, მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ მიესალმება აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებში ქართველოლოგიის და საქართველოს შემსწავლელი მიმართულებების დაფუძნებას, რაზეც აზერბაიჯანული უნივერსიტეტები დაიწყებენ მუშაობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.