პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის „აისი“ ლაგოდეხის ფილიალში, სადაც მიღება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და სატყეო საქმის სპეციალობებზე ხორციელდება. ფილიალის რეაბილიტაცია 2017 წელს განხორციელებდა და ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სპეციალობა ისწავლება. საშემოდგომო მიღებაზე იგეგმება სამშენებლო და აგრარული სფეროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება. კოლეჯში მიმდინარე რეაგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნო.
ლაგოდეხის ფილიალის სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. ლაგოდეხში პროფესიული სასწავლებლის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამ მხარისთვის. პროგრამები, რაც ფილიალში ისწავლება და მომავალში დაინერგება, რეგიონის და, კონკრეტულად ამ მხარის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეირჩა.